საინტერესო ამბები
14.01.2020 17:17
ნაძვის ხის მორთვის მოდა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ნაძვის ხის მორთვის მოდა ინტენსიურად იცვლება.

დეკორატორები ამბობენ, ყოველი ოთხი წლის შემდეგ რომ ნაძვის ხის მორთვის მოდა ბრუნდება, აი, რეტრო სტილი კი, არასოდეს გადადის მოდიდან. ასე რომ, სათამაშოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში ნაძვის ხიდან ჩამოხსნით, შეგიძლიათ, კარგად გადაინახოთ და რამდენიმე წლის შემდეგ, საოჯახო რელიქვიადქცეული მოსართავებით მოიწონოთ თავი.

GMnews-ი გთავაზობთ მოკლე ექსკურსს, თუ როგორ იცვლებოდა ნაძვის ხისა და სათამაშოების მოდა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

ნაძვის ხის მორთვის მოდა ევროპაში მე-16 საუკუნეში შემოვიდა, მოსართავებად კი, შაქარყინულს, ხილსა და ორცხობილებს იყენებდნენ. დღევანდელის მსგავსი სათამაშოები მე-17 საუკუნეში გაჩნდა. პირველად, საახალწლო ბურთები, დირიჟაბლის, ეკიპაჟისა თუ მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმის სათამაშოები გერმანიაში დაამზადეს.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, რუსეთსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში, ნაძვის ხის მორთვა აკრძალეს, რადგან ეს ტრადიცია გერმანიიდან მოდიოდა, გერმანია კი, მტერი იყო. საბჭოთა სივრცეში ნაძვის ხის მორთვის კულტურა 30-იანი წლებიდან დაბრუნდა,მაგრამ თემატიკა შეიცვალა. ბამბის ბურთები რევოლუციის ბელადთა პორტრეტებით და რევოლუციური სიმბოლოების სათამაშოებით შეიცვალა.

40-50 იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში, საომარი განწყობა ნაძვის ხეებსაც გადაედო და მასზე სათამაშო ჯარისკაცები, ტანკები, პისტოლეტები, ხუთქიმიანი ვარსკვლავები ჩამოკიდეს.

60-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა მოქალაქეები ნაძვის ხეზე სიმინდისა და რაკეტის ფორმის სათამაშოებს კიდებდნენ - სოფლის მეურნეობა და კოსმოსი მთავარი და მუდმივად განხილვადი თემები იყო, ამიტომაც, ომის შემდგომ მძიმე პერიოდში, ნაძვის ხეებს ხილითა და ბოსტნეულით რთავდნენ. ამ დროს გამოჩნდა პირველი ელექტრონული გირლანდები - ფერადი და მოციმციმე მსხვილი ნათურები.

70-80-იანი წლების მოდა - ამ პერიოდში, საბჭოთა კავშირში სათამაშოების ახალ-ახალი ფაბრიკები იხსნებოდა და ამიტომაც ინდივიდუალიზმი სადღაც დაიკარგა, ყველა ერთნაირ ბურთებსა და გირჩებს, ყინულის ლოლოებსა და ზანზალაკებს უშვებდა...

2000 წლიდან მოდაში შემოდის ნაძვის ხის ორ ფერში მორთვა, მაგალითად, ოქროსფერი და წითელი ბურთებით, ან ლურჯით და ვერცხლისფერით. მოდიდან გადავიდა საბჭოთა თემატიკის სათამაშოები, თუმცა, ბოლომდე მაინც არ გამქრალა.

თანამედროვე ტენდენციით, აბსოლუტური თავისუფლება ცხადდება - ყველას შეუძლია, საკუთარ შემოქმედებით ფანტაზიას გასაქანი მისცეს, თუმცა, მინიტრენდები მაინც ყოველ წელსაა, ამიტომაც თქვენზეა დამოკიდებული როგორ მოუფრთხილდებით თქვენი მშობლების, ან კიდევ უფროსი თაობების მიერ შემონახულ დეკორაციებს და მიუჩენთ თუ არა საპატიო ადგილს ნაძვის ხეზე მომავალ ახალ წელს.

კვირის ამბები