საზოგადოება
18.10.2022 14:04
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები პოლონურ-ქართულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

18-19 ოქტომბერს კახეთი პოლონურ-ქართულ საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება“, ფარგლებში ტარდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება ინვესტორებთან კომუნიკაციის, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით.

„ფორუმის ფარგლებში, რეგიონებს და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოაჩინონ საკუთარ მხარეში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნესკავშირების დამყარებას.

ფორუმის მიზანია, რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვაში“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საწარმოების წარმომადგენლები, ასევე იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, ზუგდიდის  და კახეთის წარმომადგენლები.

ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პოლონეთის განვითარების ფონდის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით იმართება.

კვირის ამბები