დიდი საეკლესიო მოღვაწის, სულიერი მამის, წინამძღვრისა და მაშენებელის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე 18 ოქტომბერს აღინიშნება.
გრიგოლ ხანძთელი 759 წელს დაიბადა. იგი ქართლის დიდი ერისმთავრის, ნერსეს ცოლის ძმის შვილი და მათ სამეფო კარზე აღზრდილი იყო.
ხანძთელი იყო შემოქმედი იმ დიდი სამონასტრო მშენებლობისა, რომელიც VIII-IX საუკუნეების ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა.
არაბთა მიერ ქართლის დაპყრობით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სამშობლოს კვლავ აღორძინების მოსურნე მამულიშვილთა ზრუნვისა და ფიქრის საგანი იყო ე. წ. მძლავრი „ცენტრის“ შექმნა, რომელიც ქართლის მაგივრობას გაწევდა. ასეთი ცენტრის დაარსებისთვის ბრძოლა ქვეყნის თავისუფალ ნაწილში უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ მიზნით გაემგზავრნენ გრიგოლი და მისი თანამზრახველები ტაო-კლარჯეთში.
მონასტერი ძველ საქართველოში კულტურის კერა იყო. პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის მიღწევა, მხოლოდ კულტურის აღორძინებით შეიძლებოდა. გრიგოლ ხამძთელმა განაგრძო VI საუკუნეში სირიიდან ჩამოსული 13 ასურელი მამის მიერ დაწყებული საქმე.
წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების ლოცვით, მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა გრიგოლი ღრმად მოხუცდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. სახის ფერი არ შესცვლია და არ დაუძლურებულა.
„ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“, როგორც მას მოიხსენიებენ, - გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წ. 5 ოქტომბერს. ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, ხანძთის მონასტერში დაკრძალეს.