საზოგადოება
18.10.2022 11:16
30 ნოემბრის შემდეგ ფერმერები აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ფერმერები სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის მაისიდან მოქმედებს.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 31,5 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი უკვე შეიძინეს.

თუ პროექტით ამ დრომდე არ გისარგებლიათ, აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე myliberty. Ge.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (032 2 55 55 00) მეშვეობითაც.

კვირის ამბები