საზოგადოება
18.10.2022 10:53
მერიის დაფინანსებით, გორში, ჭრა-კერვა-მოდელირების კურსი სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა ოცდაათმა ქალმა გაიარა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მიმდინარე წელს, ჭრა-კერვა-მოდელირების შემსწავლელი კურსი სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა ოცდაათმა ქალმა გაიარა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსთან ერთად, კურსდამთავრებულებმა გაიარეს ტრენინგები სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერის და ფონდების მოძიების თემაზეც.

ახლადშეძენილი პროფესიული უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულების ნაწილი უკვე დასაქმდა სხვადასხვა სამკერვალო საწარმოში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.

„პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია ,,ნაბიჯი განვითარებისთვის“ თანამშრომლობით განხორციელდა.

მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის ექვსწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჭრა-კერვის კურსებზე 300 სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალბატონი გადამზადდა, მათ შორის, დასაქმდა 186 პირი.

პროექტი, ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 7 პროექტი დაფინანსდა. მათი მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები