ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამით ფერმერები 31 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლებენ
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამით ფერმერები 31 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აგროკრედიტი ფერმერებმა უნდა გამოიყენონ ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შესაძენად, ასევე, მუშახელის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დასაქირავებლად გაწეული ხარჯების დაფინანსებისთვის.
„სააგენტო გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს - წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლითაა განსაზღვრული“, - აცხადებენ უწყებაში.
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე 162 მილიონი ლარის ღირებულების 10 509 სესხია გაცემული.