საზოგადოება
17.10.2022 12:16
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით იმართება და მასში როგორც ვეტერანები, ასევე მათი ოჯახის წევრები მონაწილეობენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის, ზვიად საბაშვილის ინფორმაციით, გორის ოფისში ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს, პატივი მიაგეს გარდაცვლილ ვეტერანთა ხსოვნას, იგეგმება შეხვედრა გორის საბრძოლო დიდების მუზეუმშიც.

როგორც „გორის მაცნესთან“ ზვიად საბაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში 900160 პიროვნებაა ვეტერანის სტატუსის მატარებელი და მათი ღვაწლის დაფასება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„შემწეობა, რომელსაც ვეტერანები ყოველთვე 22 ლარის ოდენობით იღებდნენ, იანვრიდან გაიზარდა და დღეისთვის 100 ლარს შეადგენს, მომავალშიც განიხილება შემწეობის მატება, არაერთი შეღავათით სარგებლობენ როგორც ვეტერანები, ისე მათი ოჯახის წევრები“, - აღნიშნა ზვიად საბაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე - თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და ასევე ოკაცეს ჩანჩქერსა (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი კინჩხა) და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან.

ვეტერანმა, ან მისმა ოჯახის წევრმა, აღნიშნულ ტერიტორიებზე უფასოდ დაშვების მიზნით, უნდა წარადგინოს საკუთარი ან ოჯახის წევრის ვეტერანის მოწმობა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

კვირის ამბები