„გორის დღე 2022“ 16 ოქტომბერს აღარ გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სახალხო დღესასწაული 23 ოქტომბერს ჩატარდება.
„გორის დღე 2022“ 16 ოქტომბერს აღარ გაიმართება. სახალხო დღესასწაული ლომჭაბუკის სკვერში, 23 ოქტომბერს ჩატარდება”, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობა გავრცელებულ ინფორმაციაში ღონისძიების გადადების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ,,გორის დღე 2022“-ის გადადება თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ უმძიმეს შემთხვევას უკავშირდება, რამაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, სახალხო დღესასწაული გორში 9 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, უამინდობის გამო, მისი აღნიშვნა 16 ოქტომბრისთვის გადავადდა.
სახალხო დღესასწაულის გამართვა დაგეგმილია ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობასა თუ აქტივობას მოიცავს. დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობა, ხელნაკეთი ნივთების და ყველა თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების პირვანდელი პროგრამის მიხედვით, გათვალისწინებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის სტენდები, ტურისტული კუთხეები. ტრადიციულად, დადეგმილია ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.