საზოგადოება
13.10.2022 13:23
გორის ცენტრში განთავსებულ მობილურ კლინიკაში 6 დაავადებაზე მოსახლეობის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

დღეიდან, 13 ოქტომბრიდან, უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა რამდენიმე დღით გორის ცენტრალურ მოედანზე (სტალინის გამზ.) განთავსდა და მოსახლეობას რამდენიმე დაავადებების ერთდროულ სკრინინგს სთავაზობს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, უფასო სკრინინგი, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ 700 ბენეფიციარს ჩაუტარდება, 6 დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის, COVID-19, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის კვლევას მოიცავს.

მედიკოსთა თქმით, მობილურ კლინიკაში აქტიური სკრინინგი ნებაყოფლობითია და დადებითი შედეგის მქონე პირები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გაიგზავნებიან. მათივე თქმით, პაციენტებს მოემსახურება პროფესიონალ ექიმთა გუნდი.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პროგრამის მხარდაჭერით.

კვირის ამბები