საზოგადოება
13.10.2022 13:11
გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული და სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გორში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეიდან, შიდა ქართლის მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღებს, მათ შორის: ავტომობილი მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გორის ცენტრი მოადგილეებთან და რეგიონის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრები, ეტაპობრივად, სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

კვირის ამბები