ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საფორთიფიკაციო ნაგებობების ინსტალაცია განახორციელეს.
,,სამწუხაროდ და საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ,,ცხელი ხაზი“, იცით, თქვენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახლავთ, არაერთი ტექნიკური შეხვედრა უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას მიეძღვნა ერგნეთში და ეს მუშაობა ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ უკანონო მოქმედებების შეჩერება, აღკვეთა, საუბედუროდ, რასაც ასევე ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ამ თემებს აბამს ისეთ ჰუმანიტარულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ადამიანებისთვის, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების სრული შეზღუდვა ფაქტობრივად თავადვე დაუკავშირეს ჩორჩანაში მათ მიზნებს და სურვილებს თავის მხრივ უკანონოს და არალეგიტიმურს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არის ფაქტობრივად მძევლად აყვანილი, სურთ ამ ფორმით განახორციელონ ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე და ქართულ მხარეზე, რაც არის დაუშვებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი და აუცილებელია მიმოსვლის აღდგენა იმისთვის, რომ კიდევ უარესი იქნას თავიდან აცილებული“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე”, - აცხადებენ სუს-ში.