ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი - 887-ს. უწყების ცნობით, მოძალადე კაცი - 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის - 146, ფსიქოლოგიურის - 5 382, ეკონომიკურის - 119, სექსუალურის - 24, იძულების 45 და უგულებელყოფის 31 ფაქტი გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა.
შეგახსენებთ, შსს-ს კამპანია ,,ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გორში გამართულ ღონისძიებაზე ყოფნისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. დარახველიძის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ჩართულობა, რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება და ამ დანაშაულთან ჩანასახშივე ბრძოლა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების პარალელურად, ხორციელდება საკანონმდებლო ბაზის ანალიზი იმისთვის, რომ განხორციელდეს საჭირო ცვლილებები და მოქმედება იყოს მეტად ეფექტური.