„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გორში ტარდება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ძალზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია პოლიციის საქმიანობაზე, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.
,,დღეს, გორში მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია „ემეგობრე პოლიციას“. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია თავისი უფლებების შესახებ, რათა უფრო მეტად დაცულები იყვნენ, ასევე იცნობდნენ პოლიციის საქმიანობას. ამ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე მოსულ ყველა დაინტერესებულ პირს, საშუალება აქვს, გაეცნოს, თუ როგორ მიდის ეს პროცესები, ნახოს სხვადასხვა აღჭურვილობა, ტექნიკა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომეს ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
კამპანიის ფარგლებში, გორში, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ქალაქის ცენტრში, შადრევნის სკვერში მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მონაწილეობენ.