მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, რეგულაცია ისეთ სტადიონებსა და სპორტულ დაწესებულებებზე გავრცელდება, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება ევალებათ, ამასთან, მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფისა და კეთილმოწყობის ვალდებულებაც ეკისრებათ.
კანონდარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი, ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.
GMnews თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურით დაინტერესდა და ა(ა)იპ გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელს, გია ისიანს დაუკავშირდა. ისიანის თქმით, გორის ცენტრალურ სტადიონს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგებული აქვს და ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კონტროლს უფრო გაამკაცრებს. „კანონის ძალაში შესვლამდე მივიღეთ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გულშემატკივარი აღნიშნულ შეზღუდვას დაემორჩილება და დამატებითი ღონისძიებების გატარება არ გახდება საჭირო“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას გია ისიანმა.