გორში გამართულ ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილ სტენდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული „არტ კალამუსის“ ნაწარმი გახლდათ. ლევან ქოსაშვილის და მარიამ კიტრიაშვილის მოწნულმა საყოფაცხოვრებო ნივთებმა ფესტივალის სტუმართა ყურადღება მიიქცია.
ტირიფის მოხარშული წნელით მოწნული ლარნაკები, საპიკნიკე კალათები, სკივრები, სათავსოები, ჭაღები, ჩანთები, სახლები ოთხფეხა მეგობრებისთვის - იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალგაზრდა წყვილმა წარმოადგინა.
„ბიძა წნელით წნავდა ჩირის გასაშრობ ხახალს და მეც მისგან ვისწავლე ხესთან მუშაობა. ბავშვობიდან მასთან ერთად ვაკეთებდი სხვადასხვა ზომის ნივთებს, მერე კი დამოუკიდებლად დავიწყე და ახლა ეს საქმიანობა ჩვენი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა. რაც შეეხება ნაკეთობების დამზადების ტექნიკას, გეტყვით, რომ ტირიფის მასალას ვიყენებ, 12 საათის განმავლობაში ვხარშავ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ შემოქმედებით პროცესს. მიხარია, რომ ამ საქმიანობით უკვე დაინტერესებას გამოხატავს ჩემი 6 წლის ვაჟიც“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა ლევან ქოსაშვილმა.
„ჩვენთან ყველა ნივთი სიყვარულით იქმნება... „კალამუსი“, ასე ვთქვათ, ოჯახური ბიზნესია, თუმცა, შემოსავალი არასტაბილურია და ჩვენი ხელნაკეთი პროდუქცია ძირითადად თბილისში იყიდება. ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ხშირად ვმონაწილეობთ მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში და ამჯერადაც სიამოვნებით ვეწვიეთ გორს“, - გვითხრა მარიამ კიტრიაშვილმა.
მხატვრული წნულის ოსტატები კასპში ცხოვრობენ და საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ინტერნეტით ეწევიან.