2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, პროექტები დაფინანსდება მეწარმეობის განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება, სრულად აპრობირებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან, რაც გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იმ მიმართულებების განსაზღვრას, სადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთწოდებული, ლიდერ პროგრამა უკვე მომზადდა, რაც, გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში.