საზოგადოება
11.10.2022 13:35
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატია

ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ მორიგ სხდომაზე წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გამოავლინა. მათ შორის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია, რომელმაც ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო აღნიშნული პრემიის ლაურეატის წოდება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2022 წლის ლაურეატებს შორის არიან: იენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც ფენრიხი, ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ბონის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინცგერდ ბრაკმანი, აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ცნობისთვის, საბჭოს შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელი ლაურეატები გამოავლინა, შედიოდნენ: დავით ყოლბაია (თავმჯდომარე), ვარშავის უნივერსიტეტი; ჰენრიკ პაპროცკი, ვარშავის სასულიერო სემინარია; ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იან მალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტი; ბერნარ უტიე, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემია; იოსტ გიპერტი, ფრაკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი.
კვირის ამბები