კულტურა
14.01.2020 13:54
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
170 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში, კლასიკური გიმნაზიის დარბაზში, გიორგი ერისთავმა თეატრისმოყვარულ საზოგადოებას სპექტაკლი - „გაყრა“ წარუდგინა, რომელის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც თავადვე იყო. ეს გახლდათ პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქზე გაცილებით ადრე, XIX საუკუნის 40-იან წლებში, სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენა გორში გაიმართა. 1845 წლის 1-8 მაისსა და ამავე წლის 11 ივლისს და 7 აგვისტოს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია - „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“დაუდგამთ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა.
„პირადად ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ის, რომ პროფესიულ თეატრებს შორის ყველაზე ძველ თეატრში ვმუშაობ. გ.ერისთავის სახელობის თეატრში გადავდგი პირველი სასცენო ნაბიჯები და 2012 წლიდან დღემდე, 15-ზე მეტი როლი შევასრულე. მინდა, ყველა კოლეგას მივულოცო აღნიშნული თარიღი და ერთგული მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები ვუსურვო“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის თეატრის დასის გამგემ, გიორგი ჩოჩნიძემ.
კვირის ამბები