9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოში დაგეგმილი ფესტივალი „ღვინის დღეების“ ფარგლებში, გორის ცენტრში, შადრევნის სკვერში, ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.
საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არაერთი მარანი და შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. მოწყობილია კვების სივრცეები, სადაც ადგილობრივი მზარეულები ღონისძიების სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნებას სთავაზობენ.
იმართება პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, ფელამუშის მომზადების მასტერკლასები.
ასევე, რეწვის ოსტატები ფესტივალის სტუმრებს თიხის მასტერკლასს სთავაზობენ.
მთელი დღის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში, გორში დაგეგმილია მუსიკალური პროგრამაც - ჯაზური კომპოზიციები, საქსაფონი.
დღის ბოლოს კი 20 საათზე, კონცერტი გაიმართება თბილისის ბიგბენდის შესრულებით - მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე.