9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოში დაგეგმილი ფესტივალი „ღვინის დღეების“ ფარგლებში, გორის ცენტრში, შადრევნის სკვერში, ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.
საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არაერთი მარანი და შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. მოწყობილია კვების სივრცეები, სადაც ადგილობრივი მზარეულები ღონისძიების სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნებას სთავაზობენ.
იმართება პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, ფელამუშის მომზადების მასტერკლასები.
ასევე, რეწვის ოსტატები ფესტივალის სტუმრებს თიხის მასტერკლასს სთავაზობენ.
ფესტივალზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და სახელმწიფო კანცელარიის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით ტარდება ღვინის ფესტივალი - ,,ღვინის დღეები“ და დღევანდელი დღის ლოკაცია გახლავთ გორი. დაგეგმილია, რომ ეს ინიციატივა გახდეს ტრადიციული და გაიმართოს ყოველწლიურად. აქ მოსულ სტუმრებს ვპირდებით, რომ ექნებათ საინტერესო დღე, მათ შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქართული სამზარეულოსა და რეწვის მასტერკლასებში, ასევე დააგემოვნონ ღვინის აქაური, ტრადიციული სახეობები, როგორიცაა, მაგალითად, თავკვერი, გორული მწვანე, ატენური და სხვა სახეობები და ვფიქრობ, რომ ძალზე საინტერსო, საკმაოდ დატვირთული და სასიამოვო საფესტივალო დღე იქნება“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა.
მთელი დღის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში, გორში დაგეგმილია მუსიკალური პროგრამაც - ჯაზური კომპოზიციები, საქსაფონი.
დღის ბოლოს კი, 20 საათზე, კონცერტი გაიმართება თბილისის ბიგბენდის შესრულებით.