ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის - „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით“, -განხორციელება დაიწყო.
12-თვიანი პროექტი ისეთ აქტივობებს მოიცავს, როგორიცაა სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებასა და პროგნოზირებაში, ასევე, მხარდაჭერას ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაში.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის შექმნა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესაფერისი პოლიტიკის შემუშავება საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებას წარმოადგენს.