ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება
2023 წელს, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა როგორც მრავალწლოვანი, ასევე ერთწლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით.
„ბოლო წლებში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, ათი ათასობით ჰექტარზე თანამედროვე მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა, ხელი შეეწყო ერთწლოვანი კულტურების მოყვანას. წლიდან წლამდე, ბაღები შედის მსხმოიარობაში, მზარდია მოთხოვნა მოსავლის ამღებ ტექნიკაზე, მათ შორის, კომბაინებზე, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტექნიკაა. მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
ცნობისთვის, 2020-2021 წლებში, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 13 102 926 ლარი შეადგინა.