საზოგადოება
10.10.2022 11:04
გორის სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, - აღნიშნულ ინფორმაციას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია 64 ერთეული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შეძენა.

,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და დავით ჭიჭინაძე, გორში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს, შალვა მაღლაკელიძეს და ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჰოსპიტლის თანამშრომლებს სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების გეგმა გააცნეს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინიციატივად სწორედ სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება განისაზღვრა.

2021 წლის დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით (CFSP), 6,2 მლნ. ევროს ოდენობის დახმარება გამოიყო თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებისთვის.

აღნიშნული დახმარება სამხედრო ჰოსპიტლის შემდგომ აღჭურვას და მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას (ROLE 2) მოხმარდება.

სამხედრო ჰოსპიტალში განსაზღვრულია 64 ერთეული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შეძენა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, გათვალისწინებულია კომპიუტერული ტომოგრაფიის, ართროსკოპის, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფის, ციფრული რენტგენის, პორტატული რენტგენის, ულტრასონოგრაფიის აპარატის, ლაპარასკოპის, საოპერაციო ნეიროქირურგიული მიკროსკოპის, ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობის, ჰემოდიალიზის აპარატის, კასკადური პზალმაფერეზის აპარატის და სხვა მაღალტექნოლოგიური დანადგარების შეძენა.

კვირის ამბები