სამართალი
07.10.2022 21:03
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები - გელა კაპანაძე, დავით წეწვაძე და ზურაბ ილურიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიების შედეგად სამი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები - გ. კ, დ. წ. და ზ. ი.

გამოძიებით დგინდება, რომ მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი.

როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაულისათვის ბუღალტერი ლ. წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლს, ითვალისწინებს შემდეგს: სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, დაკავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წკრიალაშვილს 15 აპრილს პატიმრობა შეუფარდა.

კვირის ამბები