სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
„მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, - აცხადებენ უწყებაში.