საზოგადოება
06.10.2022 12:12
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსზე „მწვანე ჯილდო“ მიმოზა ღოლიჯაშვილს გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის წამყვან მასწავლებელს, მიმოზა ღოლიჯაშვილს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსზე სპეციალური პრიზი - „მწვანე ჯილდო“ გადაეცა. ცნობისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ზემოხსენებული დაჯილდოების მასშტაბურ ცერემონიაში და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით „მწვანე ჯილდოს“ გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც განხორციელებული აქვს ნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები. რაც შეეხება 28 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე პედაგოგის დამსახურებას ეკოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, მიმოზა ღოლიჯაშვილის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება სკოლასა და თემში. სწორედ მოსწავლეების ინიციატივით განახორციელეს პროექტები: ,,შუშის ბოთლები სიკეთისათვის“, კამპანია ,,აჩუქე წიგნი“ (60 წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას), „შეამცირე პლასტმასა“. თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-თან, აწყობენ დასუფთავების აქციებს, აგროვებენ მაკულატურას მშობელთა ჩართულობით (2019 წელს – 3000კგ. 2020 წელს – 1500კგ. 2021 წელს – 800კგ.), მონაწილეობენ საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვებში. სასკოლო საზოგადოებასა და თემში ცნობიერების ამაღლების მიზნით 2020-2022 წლებში მოპოვებული საგრანტო პროექტების (ოთხი პროექტი) ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად განახორციელა მრავალფეროვანი აქტივობები (ბანერების განთავსება, „მდგრადი განვითარების მიზნები“ და „ბავშვთა უფლებები“ – სკოლამდე მისასვლელ გზაზე კედლის მოხატვა, 5 ბუნაგი მიუსაფარი ძაღლებისთვის თემში, კვლევები: ჯანსაღი ცხოვრების წესი/ნიკოტინის მოხმარება ახალგაზრდებში/, ნარჩენების მართვა/დაამზადეს „კომპოსტი“ და სხვა); ამ ტიპის აქტივობები ცვლის სასკოლო საზოგადოების, თემის მოსახლეობის ქცევას და ზრდის პასუხისმგებლობას.
კვირის ამბები