06.10.2022 12:07
ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა საქართველოში მოსალოდნელი არ არის
ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა საქართველოში მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ზამთრის სეზონს ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება.
„ჩვენ გავაგრძელეთ ის ტარიფები, რომელიც ელექტროენერგიაზე გვქონდა დადგენილი. შესაბამისად, ტარიფების რაიმე ზრდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივ აირზეც არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები უცვლელი იქნება. ჩვენი მოხმარებული ბუნებრივი აირის 90% კი, აზერბაიჯანიდან შემოდის.
რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ უკეთესი ჰიდროლოგია იყო, მეორე მხრივ, ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება. როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ჩვენთან დეფიციტური პერიოდია და საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან უწევს ელექტროენერგიის შემოტანა. სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.