საზოგადოება
13.01.2020 16:30
ძველით ახალი წლის ტრადიციები შიდა ქართლში - 14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება

საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალ წელიწადს ორჯერ – 1 და 14 იანვარს ზეიმობენ. მართალია, ამ დროისთვის, მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, თუმცა, ჩვენთან ისევ სადღესაწაულო სამზადისია. მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა და  პირველი იანვრიდან ორი კვირის შემდეგ, საერო დღესასწაული  ისევ თავიდან დგება.  მეორე ახალ წელს სახელწოდებაც თავისებური აქვს - ძველით ახალი წელი.

ძველ დროში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ დღეს განსხვავებულად აღნიშნავდნენ. შიდა ქართლში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ძველით ახალ წელს ბასილას და ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს აცხობდნენ. გამთენიისას, ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებდა, გარშემო კვერებს შემოუწყობდა და ზედ ბასილას ქანდაკებას დაასვენებდა. ხონჩის ერთ გვერდზე, „ტკბილად დასაბერებლად“, ჯამით თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს მიუდგამდა, ზედ კი, ანთებულ სანთლებს მიაკრავდა. საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებდნენ.

რატომ ვზეიმობთ ორჯერ? - ძველით ახალი წლის აღნიშვნა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში, გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს, თუმცა, მართლმადიდებლური ეკლესია დღესასწაულებს დღესაც IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობს და სწორედ აღნიშნულის შედეგია რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ახალი წლის დადგომას  ორჯერ, ძველი და ახალი სტილით აღნიშნავს.

კვირის ამბები