2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში 70 ათასი აბონენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება, რაც კომპანიის წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 18%-ით მეტია.
მომავალ წელს წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დასრულდება საჩხერის, გორის, კასპის და ქარელის გამყოფ ხაზთან მდებარე 27 სოფელში. ეს სამუშაოები მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა აგარის, ვალეს, სოფელ ანასეულის უბნის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) წყალმომარაგებაც.
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, პროექტები დაიწყება თელავის, ხაშურის, მარნეულისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.
წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა უკვე დასრულდა ურეკში და ობიექტები ექსპლუატაციაში ნოემბრიდან შევა. წელსვე დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშისა და ჯვარის მასშტაბური პროექტები, ხოლო 2020 წლის დასაწყისში - ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.
2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, 70 ათას აბონენტს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.