კონფლიქტები
06.10.2022 10:41
ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა

ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ცხრათვიანი პაუზის შემდეგ გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს წარმომადგენლებმა, ასევე ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოსთვის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლაშა დარსალიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ დაყენებულ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დევნილთა დაბრუნების საკითხი იყო.

,,პარტნიორების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა 56-ე რაუნდის გამართვა. მინდა მადლობა ვუთხრა თანათავმჯდომარეებს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს მხრიდან, ასევე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. მნიშვნელოვანი იყო მათი ძალისხმევა როგორც ამ რაუნდის ჩატარებისათვის, ასევე მათი პოზიციონირება უშუალოდ რაუნდის დროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვქონდა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას, რომლის გარშემოც მთლიანად ჟენევის პროცესი არის შექმნილი. ასევე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ის თემები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების გარემოსთან, და რა თქმა უნდა, დევნილთა დაბრუნების საკითხი", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კვირის ამბები