კულტურა
05.10.2022 16:49
კარგი მომავალი ძლიერი ქვეყანაა, ახალი თაობა წიგნიერი უნდა იყოს - გაიცანით 88 წლის გორელი ავტორი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ოქტომბრის დასაწყისში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

უკვე მრავალი წელია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოპულარიზაციისთვის მუშაობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, „გორის მაცნემ“ გადაწყვიტა, შეგახვედროთ იმ ადამიანს, ვისთვისაც ასაკი დაბრკოლება კი არა, ახალი გამოწვევების მიღების და ახალი მიზნების მიღწევის საშუალებაა.
ერთი წელიც არ გასულა, რაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში მცხოვრებმა ნაზი ლომიძემ წიგნი - „სასწაულთა მიღმა“ გამოსცა.

88 წლის ავტორსა და ჟურნალისტს ქართული პრესის მკითხველი დიდი ხანია იცნობს. მისი საბავშვო მოთხრობები და ზღაპრები წლების მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა.

ბავშვების სიყვარულის დასტურად, სამი შვილის დედამ, სამი შვილიშვილის და სამი შვილთაშვილის ბებიამ ლექსი-გამოცანების კრებული „აბა გამოიცანი?!“ პატარების ფანტაზიის, ცოდნის და წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის გამოსცა.
„ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვებთან ვტრიალებ. მათი სიხარულით ვხარობ, მათ ფიქრებსა და განცდებში ვმოგზაურობ. მათთვის ახალ-ახალ მოთხრობებს ვწერ და დავწერ. კარგი მომავალი ძლიერი ქვეყანაა, ახალი თაობა წიგნიერი უნდა იყოს,“ - ამბობს ნაზი ლომიძე.
კვირის ამბები