საზოგადოება
05.10.2022 13:49
ზარდიანთკარში 28 დაზიანებული სახლის აღდგენა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაიგეგმა.

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ხარჯთაღრიცხვა უკვე დაანგარიშებულია და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის დასკვნა სულ მალე გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს.

„პრემიერის გადაწყვეტილებით, სოფელ ზარდიაანთკარში 28 სახლი აღდგება. რის შედეგადაც მოსახლეობა დაბრუნდება საკუთარ სახლებში. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უკვე დაანგარიშებულია ხარჯთაღრიცხვა, უახლოეს მომავალში კომისიის გადაწყვეტილება გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს, დაფინანსების გამოყოფის შემდეგ კი დაიწყება სახლების აღდგენა. აღსანიშნავია, კომისიის წევრების ნაყოფიერი მუშაობა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას,“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სულ, დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღების, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები და ა.შ

კვირის ამბები