საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.
შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, არადეთის ციხეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. XVII საუკუნის ისტორიული ძეგლის აღდგენის პროექტი არქიტექტურული კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის, შუა ბურჯისა და აღმოსავლეთის გალავნის რეაბილიტაციას მოიცავდა. უნდა აღინიშნოს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, რიყის ნარჩევი ქვითა და კირ-დუღაბის ხსნარით აგებული საფორთიფიკაციო ნაგებობა თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი. სააგენტოს სპეციალისტების თქმით, უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ციხის შემორჩენილი სხვა ფრაგმენტებიც.
„ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას შემდეგი სახის სამუშაოები შესრულდა: ნაყარი მიწის მასისგან გათავისუფლდა გალავნის კედელი და ციხის კომპლექსში შემავალი კოშკების ინტერიერი; საკონსოლიდაციო სითხით ინექტირდა (შეივსო) კომპლექსის სრუქტურის ვიწრო ბზარები; ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები, მოეწყო ავთენტური ფორმის სათოფურები და კოშკის ზედა სეგმენტზე ჩამოშლილი ნახევარწრიული ქონგურები; შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები და კოშკის ინტერიერი, ფასადები და გალავნის კედლები კი, კირ-დუღაბის ხსნარით გამოილესა“, - აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არადეთის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური უზრუნველყოფით, სარესტავრაციო პროცესი შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა.