2023 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის საფასური ძვირდება. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომლის განხილვებიც პარლამენტში უახლოეს ხანებში დაიწყება.
შესაბამისად, ახალი წლიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით.
„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ. ლარი, რაც მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგებულია.