უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებაში.
წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გორელი სპორტსმენი იასპარეზებს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ხოლო გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებთან ერთად გამოვლენ: გიორგი ტერაშვილი (73) და ბექა ღვინიაშვილი (90).
წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რაგნში იასპარეზებს. შარშანდელ ჩემპიონატზე ბუდაპეშტში (უნგრეთი) იგი 73 კგ-ში საუკეთესო იყო.
აღნიშნული გორელი ძიუდოისტების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში საქართველოს ნაკრებში შემდეგი ძიუდოისტები არიან: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე - 90), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე -100) და გურამ თუშიშვილი (+100).
გორელთაგან, ტერაშვილი ძიუდოს კლუბ ,,გორი ჯვარის“ წევრია. მარგველაშვილი, შავდათუაშვილი და ღვინიაშვილი - გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილები და ძიუდოს კლუბ გოლდენ გორის“ წარმომადგენლები არიან. ამავე კლუბს წარმოადგენს, ხაშურელი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძეც (90 კგ.).
6-12 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქის ტატამზე პირადი, ხოლო 13 ოქტომბერს გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.