გორის თეატრმა 178-ე შემოქმედებითი სეზონის გახსნა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა.
თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჰაინე - შველიძე ვიდრე მაყურებელს ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - ,,დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ ჩვენებას შესთავაზებდა, დაწესებულების ფოიეში იშვიათი სანახაობა - რემბრანდტის გრავიურების გამოფენა მოეწყო.
გაიმართა მსახიობების - ნინო კასრაძის, ანა ტყებუჩავას და ანა ნიკოლაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან - პროექტის ,,მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში და მოეწყო ახალი სეზონის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია.
რაც შეეხება სპექტაკლს, რომელიც სპეციალურად ახალი თეატრალური სეზონის გახსნისთვის შეირჩა, გეტყვით, რომ პიესა - „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.