საზოგადოება
03.10.2022 18:25
პროექტი ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად - „არ არსებობს მეორე პლანეტა“

გორის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროექტს „არ არსებობს მეორე პლანეტა“, რომლის ფარგლებშიც ხდება პლასტმასის ბოთლების, ალუმინის ქილების და მაკულატურის შეგროვება შემდგომი გადამუშავების მიზნით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია სკოლებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, კაფეებს, რესტორნებს, ინდივიდებს და ყველას, ვისაც უყვარს ბუნება, ზრუნავს გარემოსა და უკეთესი პლანეტისთვის.

„გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს წამოწყებას შემოუერთდა გორის მერვე საჯარო სკოლაც. იყავი შემდეგი შენ! - შეაგროვე პლასტმასის ბოთლები, ალუმინის ქილები, მაკულატურა და მის ტრანსპორტირებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ამასთან, თუ იცით ვინმე, ვისაც შეუძლია ამ საქმეში წვლილის შეტანა, გთხოვთ, შეატყობინოთ“, - ამბობენ ორგანიზატორები.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერი პროგრამის (FID) მცირე გრანტის ფარგლებში, რომელსაც შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.

კვირის ამბები