დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
ღონისძიება გორში ჩატარდა და დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი მხეიძის თქმით, საგრანტო პროგრამის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად განსახლების შემდეგ, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი მხეიძემ.
„სამი შვილის მამა ვარ, მეოთხეს ველოდებით. ოჯახი გაიზარდა და უფროსებს მეტი შრომა გვმართებს. ხელის ტრაქტორი დროული დახმარებაა ჩვენთვის, მოკლე დროში უფრო მეტ მიწას დავამუშავებთ, შრომაც გაგვიადვილდება და ოჯახის შემოსავალიც გაიზრდება, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა გიორგი ბუგიანიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოტობლოკი ფრეზით იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის, 86-ს შიდა ქართლის რეგიონში. დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს.