„თბილისობის“ დღესასწაულს გორის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მათ შორის შიდა ქართლი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური ნომრები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები, ასევე, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, გორის მუნიციპალიტეტის წარმოდგენილ სანახაობას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურია, შიდა ქართლის რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუზეუმის ამფითეატრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ანსამბლ „მართვეს“ შესრულებით გაიხსნა და შემდეგ კი, სცენა სხვადასხვა კუთხის ანსამბლებს დაეთმო.