გორის მუნიციპალიტეტის მერია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობა შესთავაზა, მათ შორის „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ვიზიტი და თომა ჩაგელიშვილის ფილმის„ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში - თბილისი“ ჩვენებაზე დასწრება.
მდგრადი ენერგეტიკის თემით დაინტერესებულ მოზარდებს ასევე სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
„ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის - გორის მერიისა და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. ,,მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება.
კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია ,,მერების შეთანხმების“ პროგრამა, რომელიც ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აერთიანებს. გორის მუნიციპალიტეტი ,,მერთა შეთანხმების“ პროგრამას 2012 წელს შეურთდა“, - ამბობენ გორის მერიაში.
მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.