საჯარო მოხელეების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 2023 წლის იანვრიდან იზრდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეთა ხელფასები 10 %-ით, ჩამოთვლილ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურება კი 20 %-ით იზრდება.
„იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები გავზარდეთ 10%-ით. 2023 წლის იანვარში გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები იანვრიდან 20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება და უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით, საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
რამდენიმე კვირაში დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.