მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც.
„ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან - 365 ლარი.
70 წლამდე პირთა პენსია კი გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებული გვაქვს, მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური დახმარებების ზრდა 65 ლარით, ასევე გაიზრდება დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება.
იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ. დევნილთა სახლების მშენებლობასაც ვიწყებთ. 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და ძალიან მალე დასრულდება, ამისთვის 250 მილიონი ლარია გამოყოფილი 2023 წელს “, - განაცხადა პრემიერმა.