საზოგადოება
28.09.2022 15:16
დევნილი ბენეფიციარები 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს მიიღებენ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებს და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

ბენეფიციარები სახელობო იარაღებს თავადვე შეარჩევენ, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ. პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 100 პირი დაფინანსდება.

„გასულ წელს მივიღე მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში და ახლა უკვე იმ ხელსაწყოებით ვსაქმიანობ, რომელიც თავად შევარჩიე. ჩემი სამუშაო იარაღები სამშენებლო სფეროს მოიცავს და მათი შეძენა უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ხელსაწყოების არქონა ხშირად ხელს მიშლიდა საქმიანობაში, ახლა კი შემიძლია სხვასაც დავეხმარო“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბარში სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა ილია ხადურმა.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება, 26 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შესაბამისი განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მისამართზე: გორი, სამების ქ. N1.

კვირის ამბები