საზოგადოება
28.09.2022 11:45
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - გორის ორ ლოკაციაზე დღეს შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასოდ ვაქცინაცია მოხდება
ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი = ნული საფრთხე სიცოცხლისთვის! - 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით დაწესებულ ამ დღეს საქართველო წელსაც შეუერთდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. რაც შეეხება გორს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარები, შინაური და მიკედლებული ცხოველების იმუნიზაციას გორში შემდეგ მისამართებზე განახორციელებენ:
ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ. (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია); სტალინის ქუჩა - (სტალინის მუზეუმთან) კულტურისა და დასვენების პარკი.

ცოფი ანუ ჰიდროფობია - მწვავე სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
კვირის ამბები