კულტურა
27.09.2022 16:49
... გემუდარები ჩემს აფხაზეთში დაბრუნება და სუნთქვა მაღირსე - ვიკა ქალდანი
ჩემი 27 სექტემბერი, ჩემი ტკივილით და მონატრებით სავსე ცხოვრება. სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა ... შენი დაბრუნების იმედი არ დამიკარგავს და ეს მაცოცხლებს - ჩემი 27 სექტემბერი - ასე ეხმაურება ახალგაზრდა პოეტი ვიკა ქალდანი სოხუმის დაცემის დღეს.
თანამედროვე ავტორი, რომელსაც დღეს 29 წელი შეუსრულდა, ამბობს რომ მშობლიური მხარის დავიწყების საშუალებას არასოდეს აძლევს, იქ, შორეულ აფხაზეთში - ტამიში, ქართლში კი, შინდისი.
ახალგაზრდა პოეტი, ყოველი წლის ამ დღეს, ტრადიციულად ახალ ლექსს აქვეყნებს.
„გორის მაცნე“, ამჯერადაც გაგაცნობთ ვიკა ქალდანის ლექსს, რომელიც ავტორს დაკარგულის მონატრებით გამოწვეულმა ემოციამ დააწერინა.

. . .
თვალს და ხელს შუა,
ხელს და თვალს შუა,
წამს და წუთს შუა -
მიფრინავთ წლებო...
ფეხდაფეხ მოგდევთ სიბრძნე და ჭკუა
და ყველა ერთად შენ გეძებთ ღმერთო.
არა და აქ ხარ, გულში და სულში,
ფიქრში, სიზმარში, ცხადში ხილულად,
ბოდიში, ავ ზნეს ვერ გადავურჩით
და ჯვარსაც ვიწერთ ზედაპირულად.
თვალს და ხელს შუა,
წყალს და ცას შუა,
იქ ტამიში და აქეთ შინდისი,
იმედმა უღვთოდ ისევ იცრუა,
ოცდაათ ვერცხლად ყრია სინდისი...
თვალს და ხელს შუა,
წლებო, წამს შუა,
თვალს რომ ვერ მოგკრავ გარბიხართ ისე,
გემუდარები ჩემს აფხაზეთში
დაბრუნება და სუნთქვა მაღირსე!
კვირის ამბები