რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილზე უკვე გაიმართა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრა.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი, იგივე სამხედრო კომისარიატი, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღეში განთავსდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეების დეზერტირობის აღკვეთას ემსახურება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გასულ კვირას ფედერაციის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც რუსეთის ათასობით მოქალაქე ქვეყანას ტოვებს.