გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება.
თეატრის დასი 28 სექტემბერს სპექტაკლით - „ვაჟიშვილი“ წარსდგება მაყურებლის წინაშე. წარმოდგენა რუსთაველის ეროვნულ თეატრში 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, „ვაჟიშვილი“ თანამედროვე რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა გორის თეატრის სცენაზე 2 წლის წინ დადგა.
„ეს ამბავი მოზარდზეა, ვისთანაც დიალოგი ჩაგვეშალა. ერთდროულად იყო შვილიც და მშობელიც, ნიშნავს უზრუნველყოფდე დროთა კავშირს. აერთიანებდე წარსულს და მომავალს. მონაწილეობდე სიცოცხლის მარადიულ წრებრუნვაში,თავს გრძნობდე ამ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილად და მიიღო თამაშის ის წესები, რომელიც არ დაგიდგენია და კაცმა რომ თქვას, არავინ იცის საიდან მოვიდა. სპექტაკლი ეძღვნებათ ჩვენს შვილებს და მათთან ვერ გატარებულ დროს… გელოდებით საგულშემატკივროდ“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 75 წუთია და მასში გორის თეატრის წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ.