შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმრის, მიხეილ დვალიშვილის საქმის მოსამართლემ საქმის თვითაცილების საკითხი დააყენა. ლევან დარბაიძემ თვითაცილების შესახებ განცხადება გორის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის დაწყებისას გააკეთა. ამ გადაწყვეტილების არგუმენტად დარბაიძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ბრალდების საქმის მოსამართლეც თავად იყო და გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავების მხრიდან საჯაროდ უამრავი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე ლევან დარბაიძის მიერ გამოტანილ განაჩენს, 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას არ ეთანხმებოდნენ და სასჯელის მეტისმეტად მცირე ზომად თვლიდნენ. ,,მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია ჩემს მიერ მიხეილ დვალიშვილის ბრალდების საქმეზე თვითაცილება, ვინაიდან ეჭვქვეშ არ დადგეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლევან დარბაიძემ.
დვალიშვილის ბრალდების საქმე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს დაუბრუნდა და შესაბამისად, მოხდება ამ საქმის სხვა მოსამართლერზე გადაწერა.
,,უნდა ჩატარებულიყო წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც უნდა მომხდარიყო ბრალდების მხარის მიერ და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა, თუმცა, მოცემულ საქმეზე მოსამართლის მიერ მოხდა თვითაცილების დაყენება, აიცილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და იგი გადაეცა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მოსამართლეზე გასანაწილებლად“, - განაცხადა საქმის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა.
ბრალდების საქმის აცილების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს დაცვის მხარე. ,,რაც შეეხება მოსამართლის მოტივაციას თვითაცილების საკითხის დაყენებაზე, ეს იყო განპირობებული იმით, რომ სწორედ მან განიხილა არასრულწლოვნის ბრალდების საქმე. დაცვის მხარე მიესალმება მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის სექსუალურ ურთიერთობას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 22 ოქტომბერს იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 2019 წლის 22 მაისს, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა.
დაკავებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.