წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო. გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს, სავარაუდოდ, ქვეყანაში ორი პიკი იქნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის.
,,გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაისი-ივნისში. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდებოდა. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე - ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება. რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები აუცილებლად მოიმატებს, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ზეწოლა სტაციონარულ სექტორზე“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.