საზოგადოება
23.09.2022 12:11
ავტომობილის ვიზუალური დაკვამლიანებით გადაადგილებისას, შესაძლოა, მძღოლები დაჯარიმდნენ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია
საპატრულო პოლიციას შესაძლოა, მიენიჭოს მანდატი, რომ ავტომობილის ვიზუალური დაკვამლიანებით გადაადგილების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.
გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებისთვის პარლამენტში მოთხოვნა უკვე დაყენებულია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება განხილვის საგანი და საპატრულო პოლიციას ექნება მანდატი იმისა, რომ თუ დაინახავს, ავტომობილი ვიზუალური კვამლიანობით გადაადგილდება, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

რაც შეეხება ცვლილებას, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის თანახმადაც ავტომობილის მიერ ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ყოველი მომდევნო ჯარიმა იზრდება, შიოლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის წარმატებას.

მისი განმარტებით, ავტომობილის მიერ ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, ყოველი მომდევნო ჯარიმა ეტაპობრივად გაიზრდება და მეოთხე და ყოველი შემდგომი ჯარიმა 500 ლარი იქნება.
„პირველადი დაჯარიმების ოდენობა რჩება იგივე - 50 ლარი. თუ 30 დღეში არ იქნება ტექინსპექტირებაზე გატარებული ავტომობილი, შემდეგ დაჯარიმებაზე ჯარიმა ხდება 150 ლარი, შემდეგ ძვირდება და ადის 500 ლარამდე. ეს ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
კვირის ამბები